logo
ENG



"რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი" - 280-ზე მეტი ორგანიზაცია

21 თებ 202312:21
3 წუთის საკითხავი
 

280-ზე მეტი ორგანიზაცია ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატების კანონპროექტზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რუსული კანონი საქართველოს არჩევანი არ არის.

მათი განცხადებით, ამ რუსული კანონის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.

"ეს კანონი მიზნად ისახავს, რომ დაუცველად დარჩნენ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უმცირესობები, მეცნიერები, მშრომელები და ახალგაზრდები; დახმარება არ გაეწიოთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ფერმერებს, მაღაროელებს, უკანონოდ გათავისუფლებულ, დევნილ, უსახლკარო, თავისუფლებაშეზღუდულ და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ სხვა ადამიანებს; არ გაშუქდეს მაღალმთიან და სხვა რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ხმა, ვინც მხოლოდ ადგილობრივი, დამოუკიდებელი მედიის მეშვეობით აცნობს საზოგადოებას თავის გასაჭირს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ ეს კანონპროექტი არის პასუხი ძალადობის, კორუფციის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის იმ ასობით ფაქტზე, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია სწავლობს და ასაჯაროებს. მათი თქმით, რუსეთში ანალოგიური კანონის მიღების შემდეგ ბევრმა ორგანიზაციამ უარი თქვა მის აღსრულებაზე და დაიხურა. ვინც განაგრძო ფუნქციონირება, მზარდი კონტროლის, შევიწროებისა და რეპრესიების მსხვერპლი გახდა. 

"რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი, რისთვისაც ათწლეულებია ვიბრძვით. ამ კანონპროექტის მიღება იქნება შეტევა მთავარ ქართულ ფასეულობებზე – ღირსების განცდაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე. გარდა ამისა, კანონპროექტის მიღება სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის დააბრკოლებს საქართველოს სვლას ევროკავშირის წევრობისკენ, რომლის არც ერთ წევრ ქვეყანაში მსგავსი კანონი არ მოქმედებს. ამასთანავე, ამ კანონის აღსრულება შეუძლებელი იქნება საქართველოს ასიათასობით მოქალაქისთვის განუზომელი ზიანის მიყენების გარეშე", - აღნიშნულია განცხადებაში.

ხელმომწერთა სია ნახეთ სრულად.

***

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში, რომელიც პუტინის ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენება. რუსეთის მაგალითის გადმოღება და "უცხოური აგენტების" "გამოვლენა" სცადა უნგრეთმაც. ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ კანონი ევროპულ პრინციპებთან შეუთავსებელია და საბოლოოდ უნგრეთმა კანონი გააუქმა.

ქართულ ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.


close დახურვა